ასტროლოგიური ბლოგი

დავით ბუტიკაშვილისგან

ასტროლოგია და ქუდბედიანობა

   მეტად საინტერესო თემაა ადამიანის ქუდბედიანობა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, არ არსებობს აბსოლუტურად უიღბლო ადამიანები, ჰოროსკოპში კარგად ჩანს თუ რა სფეროში უღიმის ადამიანს ბედი, აგრეთვე როგორ შეიძლება გააძლიეროს ან თავისდაუნებურად შეეწინააღმდეგოს მას. საილუსტრაციოდ, შემოგთავაზებთ მეტად საინტერესო ადამიანის ბიოგრაფიას, ეს არის ფრანე სელაკი ,რომელიც დაიბადა 1929 წლის 14 ივნისს (ინგლისურენოვანი ვიკიპედიის თანახმად). მას მიიჩნევენ მსოფლიოში ყველაზე იღბლიან ადამიანად.

   თავიდან მინდა აღვნიშნო მისი ბიოგრაფიის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი. 2002 წელს მან ლატარიაში მოიგო 600000 გირვანქა სტერლინგი და გადაწყვიტა მთელი მოგებული თანხა გაენაწილებინა ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის (დამეთანხმებით მეტად ქრისტიანული ნაბიჯია).

   პირველი სასწაულებრივი გადარჩენა, მის ცხოვრებაში მოხდა 1962 წელს, როდესაც ის მგზავრობდა მატარებლით, სარაევოდან დუბროვნიკში. მატარებელი გადავიდა რელსებიდან და მდინარეში გადავარდა. ამ ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო თავად სელაკი გადარჩა.  შემდეგ, 1963 წელს ავიაკატასტროფის დროს გაიღო თვითმფრინავის კარი, საიდანაც სელაკი გადმოვარდა და ამის წყალობით კვლავ გადარჩა. 1966 წელს ავტობუსით მგზავრობდა და ეს ავტობუსი გადავარდა წყალში, აქაც სასწაულებრივად გადარჩა ის. 1970 წელს ავტომობილს, რომლითაც მგზავრობდა გაუჩნდა ცეცხლი, აქაც გადარჩა უვნებლად სელაკი. 1973 წელს კვლავ მოხდა ინციდენტი ავტომობილთან დაკავშირებით, კვლავაც ცეცხლი გაუჩნდა მას და სელაკი ისევ გადარჩა თითქმის უვნებელი, მხოლოდ თმები შეეტრუსა მცირედით. 1995 წელს, მას დაეჯახა ავტობუსი და აქაც გადარჩა. 1996 წელს, მოხდა ავტოკატასტროფა მთებში, სადაც სელაკმა უკანასკნელ მომენტში მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა და ხის ტოტს ჩაებღაუჭა, ამ დროს მისი მანქანა ხევში გადაიჩეხა. ის კვლავ სასწაულებრივად გადარჩა.

    ბევრს შეიძლება დაებადოს კითხვა, თუ რა არის ასეთ სიტუაციაში დადებითი, როდესაც ადამიანი მუდმივად ხვდება კატასტროფებში, ეს ხომ შეიძლება უიღბლობადაც ჩავთვალოთ. მიუხედავად ყველაფრის, სელაკმა იცოცხლა სიბერემდე და მშვიდად გარდაიცვალა 81 წლის ასაკში. როგორც მისი კოსმოგრამიდან ჩანს, ყველაზე ძლიერი ასპექტი არის 150 გრადუსიანი ასპექტი (კარმული ასპექტი), იუპიტერსა (ტყუპებში) და სელენას (კარმული ჯილდოების პლანეტა მორიელში) შორის. ეს ასპექტი, ასტროლოგიაში მიუთითებს ხშირად განმეორებად მოვლენებზე ადამიანის ცხოვრებაში. ეს ისეთი მოვლენებია, რომლებიც ადამიანისგან დამოუკიდებლად ხდება . მორიელის ზოდიაქო, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის კოსმოგრამაში, განაგებს ჯანმრთელობას, 150 გრადუსიანი ასპექტი კი, მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანის ცხოვრებაში იქნება ეპიზოდები, როდესაც ის სასწაულებრივად შეიძლება ჯანმრთელი გამოვიდეს სასიკვდილო საფრთხიდან. მის კოსმოგრამაში არის კიდევ ერთი 150 გრადუსიანი ასპექტი, იუპიტერსა და შავ მთვარეს შორის (შავი მთვარე ასტროლოგიაში, მოიაზრება როგორც კარმული ვალი, რომელსაც ადამიანი ამჟამინდელ ცხოვრებაში იხდის წინა რეინკარნაციაში ჩადენილი დანაშაულის გამო). სელაკის კოსმოგრამაში, ასეთი ასპექტი მყარდება ტყუპებში, იუპიტერსა და თხის რქაში, შავ მთვარეს შორის. თხის რქის ზოდიაქო კოსმოგრამაში, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის, სიკვდილის სახლია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სელაკის ცხოვრებაში, ადგილი ექნებოდა ხშირად განმეორებად სასიკვდილო საფრთხეებს, მაგრამ ვინაიდან შავ მთვარეს 150 გრადუსიანი ასპექტი აკავშირებს კეთილ პლანეტასთან, იუპიტერთან ამ საფრთხეებსაც სასწაულებრივად გადაურჩებოდა. ნუ დამძრახავთ იმის გამო, რომ ტექსტი გადავტვირთე ასტროლოგიური ტერმინოლოგიით , მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რათა ასტროლოგიაში გათვითცნობიერებული მკითხველისთვისაც გასაგები იყოს ჩემი ლოგიკა. მოკლედ, შეიძლება კოსმოგრამიდან დავასკვნათ ის, რომ სელაკის ცხოვრებაში ხიფათის სიხშირის ალბათობა მაღალია და თანაბრად მაღალია ამ ხიფათისგან სასწაულებრივად გადარჩენის ალბათობაც და ამ ყველაფრის ცენტრში, სელაკის კოსმოგრამაში ხვდება პლანეტა იუპიტერი , ეს პლანეტა ასტროლოგიაში აგრეთვე განაგებს რელიგიას, როგორც ჩანს, სელაკი თავისი ბუნებით რელიგიური ადამიანი იყო, ამან კიდევ უფრო გააძლიერა მისი ცხოვრებისეული წარმატებები სასიკვდილო საფრთხეების დროს. სელაკი მორწმუნე ადამიანი რომ იყო, ამაზე მეტყველებს მისი ბიოგრაფიის ის ფაქტიც, რომელიც ზევით აღვნიშნე, როდესაც ლატარიაში მოგებული თანხა მან ახლობლებსა და ნათესავებს დაურიგა. ძნელია ასტროლოგიაში მხოლოდ ერთი ადამიანის მაგალითზე გამოიტანო სარწმუნო დასკვნები. დიდხანს ვეძებე სხვადასხვა ადამიანების კოსმოგრამებში პლანეტების და ზოდიაქოების ანალოგიური განლაგებები, მაგრამ როგორც ჩანს, სელაკი ამ მხრივ უნიკლაური ადამიანი იყო. თუმცა შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანო, როდესაც 150 გრადუსიანი ასპექტი მიუთითებს სასწაულებრივ გადარჩენაზე . გენიალური მწერალი ფიოდორ დოსტოევსკი დაიბადა 1821 წელს 11 ნოემბერს, ზოდიაქოთი მორიელი

  მორიელის ზოდიაქოსთვის, კოსმოგრამაზე სიკვდილის სახლი არის ტყუპების ზოდიაქო. დოსტოევსკის კოსმოგრამაში იკვრება 150 გრადუსიანი ასპექტი მზესა და სელენას (კარმული ჯილდოების პლანეტა) შორის, სელენა დოსტოევსკის კოსმოგრამაში იმყოფება სიკვდილის სახლში (ტყუპების ზოდიაქოში), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანის ბიოგრაფიაში იქნებოდა ეპიზოდი, როდესაც ის სასწაულებრივად გადაურჩებოდა სიკვდილს და მართლაც 1849 წელს სამხედრო სასამართლო კომისიამ, დოსტოევსკის მიუსაჯა სიკვდილით დასჯა და როდესაც 1850 წლის 3 იანვარს დოსტოევსკი სხვა მსჯავრდადებულებთან ერთად გაიყვანეს დასახვრეტად და ყველაფერი მზად იყო სასჯელის აღსრულებისთვის, ბოლო მომენტში მოუსწრო შეწყალებამ, რის შემდგომაც დახვრეტა შეუცვალეს კატორღით და გადასახლებით. ემოციური სტრესი იმდენად მაღალი იყო, რომ ერთ-ერთი მსჯავრდადებული ნიკოლოზ გრიგორიევი, რომელიც დოსტოევსკისთან ერთად უნდა დაეხვრიტათ ამ ინციდენტის შემდეგ გაგიჟდა. აქაც დოსტოევსკის გადარჩენაზე მიუთითებს 150 გრადუსიანი ასპექტი მზესა და სელენას შორის. კიდევ შეიძლება ასეთი მაგალითების მოყვანა, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ, ეს ორი თვალსაჩინო მაგალითიც საკმარისია საიმისოდ, რომ დავასკვნათ, თუ რამდენად ძლიერად ავლენს თავს 150 გრადუსიანი ასპექტი ადამიანების ბედში.