ალოგიკურად წარმატებული პიროვნებები
რა განაპირობებს წარმატებებს ადამიანის ცხოვრებაში? როგორ აღმოაჩინოს ადამიანმა სად უღიმის ბედი? შეიძლება თუ არა ადამიანის პირად ჰოროსკოპში აღმოვაჩინოთ მისი უპირობო წარმატებების სფერო? ამ თემის ასტროლოგიის კონტექსტში განხილვისადმი მიბიძგა ერთი უცნაური ადამიანის ბიოგრაფიამ, ეს იყო მე-18 საუკუნეში მცხოვრები ამერიკელი საქმოსანი ტიმოტი დექსტერი (Timothy Dexter).
ტიმოტი დექსტერის ცხოვრება, აღსავსე იყო ფენომენალური გამართლების მაგალითებით, ყველაზე საკვირველი არის ის რომ მას ბედი უღიმოდა ყოველგვარ სულელურ წამოწყებაში, რომელიც უბრალოდ ზარალის მომტანი უნდა ყოფილიყო მავანისთვის, მაგრამ მისთვის მხოლოდ მოგება მოჰქონდა. ტიმოტი დექსტერი დაიბადა 1747 წლის 22 იანვარს, 8 წლის ასაკში მიატოვა სწავლა ( შეიძლება ითქვას, რომ მისი განათლების დონე საკმაოდ დაბალი იყო ), 22 წლის ასაკში დაოჯახდა მდიდარ ქვრივ ქალბატონზე, რომელიც მასზე უფროსი იყო 10 წლით, ამგვარად ჩაიგდო ხელში "სასტარტო კაპიტალი", მაგრამ ყველაზე საინტერესო მის ცხოვრებაში ამის შემდეგ დაიწყო. შეერთებულ შტატებში სრულდებოდა "ომი დამოუკიდებლობისთვის", როდესაც დექსტერმა რატომღაც დაიწყო გაუფასურებული კონტინენტური ვალუტის შეძენა, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე ფასეულობას არ წარმოადგენდა, მაგრამ მოხდა საოცრება და ომის დასრულების შემდეგ, იმ შტატის ხელისუფლებამ სადაც დექსტერი ცხოვრობდა, მოახდინა ამ ვალუტის განაღდება მათი ნომინალური ფასის მიხედვით, თუმცაღა სხვა შტატებში მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ნაშოვნი ფულით, დექსტერმა ააგო ორი გემი და დაიწყო საექსპორტო ბიზნესი. მისმა კონკურენტებმა იცოდნენ, რომ ის გაუნათლებელი იყო და სპეციალურად აწვდინენ მას ყველაზე სულელურ იდეებს, მაგრამ დექსტერი ამ სულელური იდეების წყალობით, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კიდევ უფრო მდიდრდებოდა, მაგალითად მან თბილი ხელთათმანების პარტია გააგზავნა აზიის იმ ქვეყნებში, სადაც ზამთარი არ იცის. აზიელმა ვაჭრებმა შეისყიდეს ხელთთმანების მთელი პარტია, მხოლოდ იმიტომ რომ იმ პერიოდში მათ გაუჩნდათ შანსი გაეყიდათ ისინი ციმბირში. არაკეთილმოსურნეებმა დექსტერს ურჩიეს გაეგზავნა ნახშირის დიდი პარტია ნიუკასლში, სადაც ისედაც მოიპოვებდნენ დიდი რაოდენობით ნახშირს, მაგრამ მოხდა საოცრება და ზუსტად იმ დროს ნიუკასლში გაიფიცნენ მეშახტეები, ხოლო ნახშირის შემსყიდველ კომპანიებს შეექმნათ დეფიციტი და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა რომ დექსტერისგან შეეძინათ ნახშირი, რამაც მას (დექსტერს) აქაც კარგი მოგება ანახა. შეიძლება კიდევ უამრავი ფაქტის აღწერა ამ ადამიანის ბიოგრაფიაში, თუ როგორ გააგზავნა მან ბიბლიის დიდი პარტია ოსტ-ინდოეთში (არაქრისტიანულ ქვეყანაში) და აქაც მოიგო ან როდესაც კარიბის კუნძულებზე მან რატომღაც გააგზავნე ველური კატები და ისინიც სარფიანად გაყიდა.
დექსტერმა მწერლობაშიც სცადა ბედი, 50 წლის ასაკში, მან დაწერა წიგნი რომელიც შეიცავდა 8847 სიტყვას და 33864 ასოს, ყოველგვარი სასვენი ნიშნების გარეშე და უამრავი გრამატიკული შეცდომით. ამ წიგნში ის აკრიტიკებდა სასულიერო პირებს და ხელისუფლებას. თავიდან ამ ნაშრომს დექსტერი უფასოდ ჩუქნიდა ხალხს, მაგრამ აქაც მოხდა საოცრება და წიგნი უეცრად იმდენად პოპულარული გახდა, რომ შემდგომში რვაჯერ გამოიცა ხელმეორედ.
ტიმოტი დექსტერის ჰოროსკოპში, მის ასეთ უცნაურ გამართლებებზე მიუთითებს მზისა და ურანის შეერთება მერწყულის ზოდიაქოში, სადაც ურანი განაგებს მიზნების და სურვილების რეალიზაციას, ხოლო მზე კი - ამბიციებს და წარმატებებს. თავად მერწყულის ზოდიაქოც განაგებს ადამიანის მიზნებს და სურვილებს. ასტროლოგიაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვისაც გასაგებია ეს შეერთება რას განაპირობებს, დიახ ასეთი ადამიანი ადვილად აღწევს საკუთარი მიზნების, სურვილების და ამბიციების რეალიზაციას, უფრო სწორედ ცხოვრება მას ხელს უწყობს ყველანაირად ამ მიზნების და სურვილების რეალიზაციაში. გასაგებია რომ დექსტერის მიზანი იყო ნებისმიერი მისი საექსპორტო ან ბიზნეს აქციის დროს მაქსიმალური მოგება ენახა და როგორც ვხედავთ ამას ადვილად აღწევდა ნებისმიერი აბსურდული და არალოგიკური ნაბიჯებითაც კი.
პლანეტა ურანი, ასტროლოგიაში განიხილება როგორც პლანეტა მერკურის (გონების პლანეტის) მაღალი ოქტავა და ამასთან ერთად განაგებს მომავლის განჭვრეტის უნარსაც. ესე იგი გონებისა და ინტუიციის ერთობას, როდესაც ირთვება ქვეცნობიერი აზროვნება მაშინ, როდესაც ცნობიერად ადამიანი ვერასოდეს შეძლებს ახსნას ზოგჯერ თავისი ნაბიჯები, რომლებმაც მას მაქსიმალური წარმატებები მოუტანა ან რაიმე აღმოჩენა გააკეთებინა. კიდევ ერთი მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ ცნობილი ფიზიკო-ქიმიქოსი დიმიტრი მენდელეევი, რომელსაც ქიმიური ელემენტების პერიოდულობის სისტემა სიზმარში დაესიზმრა. მენდელეევი დაიბადა 1834 წლის 8 თებერვალს და მის ჰოროსკოპშიც, ისევე როგორც დექსტერის ჰოროსკოპში, იყო ურანის და მზის შეერთება.
კიდევ ერთი მაგალითისთვის, წარმოგიდგენთ არანაკლებ უცნაური ბიოგრაფიის მქონე ადამიანს, სახელად: გრაფინია დე ჟანლისი (Madame de Genlis - იგივე მარკიზა დე სილერი). ის დაიბადა საფრანგეთში 1746 წლის 25 იანვარს. მის ჰოროსკოპშიც, ურანისა და მზის შეერთება გვაქვს მერწყულის ზოდიაქოში. მანაც საკმაოდ ზერელე განათლება მიიღო და თავიდან მუშაობდა "შარტრის ჰერცოგის" შვილების აღმზრდელად (მათ შორის საფრანგეთის მომავალი მეფე "ლუი ფილიპე I"-იც იყო).
გრაფინია დე ჟანლისის ბიოგრაფიაში უცნაური არის ის, რომ მიუხედავად მცირე სასკოლო განათლებისა, მან დაიწყო საბავშვო და პედაგოგიური ნაწარმოებების, ასევე რომანების წერა. გარდა ამისა, მას აქვს აგრეთვე ბიბლიურ თემებზეც დაწერილი ნაწარმოებები, საბოლოო ჯამში კი მისმა ნაწარმოებებმა შეადგინა დაახლოებით 90 ტომი და ეს ყველაფერი ელვისებურად ხდებოდა პოპულარული.
მე ვერ შევაფასებ მისი ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებას, მაგრამ როგორც ჩანს ის ზუსტად იმას წერდა და იმ თემატიკაზე, რაც მაშინდელი საზოგადოების დიდ ყურადღებას იზიდავდა. ამ მხრივ ამ ქალბატონმა თავისი მიზნების და სურვილების მაქსიმალურ რეალიზაციას მიაღწია. მე არ შევეხები მისი ბიოგრაფიის სხვა ეპიზოდებს, მაგრამ მერწმუნეთ ის ცხოვრების სხვა სფეროებშიც წარმატებული იყო.
მე შემიძლია კიდევ განვიხილო სხვა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებიც, ვისაც ჰოროსკოპში მზისა და ურანის შეერთება აქვს, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ, ამ სტატიის მიზანი არის ის, რომ დაგანახოთ - ყველა ადამიანს აქვს სივრცე, სადაც მათ რეალობის შექმნა შეუძლიათ და ეს კარგად ჩანს მათივე ჰოროსკოპებში.